ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება. მშენებლობის დაწყების თაობაზე ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კოპანიამ“ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ გააფორმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბაგიროების მშენებლობა და ყველა პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტ ბაკურიანს შემატებს ახალ სიცოცხლეს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის. ეს იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაუმჯობესებული სერვისებით მოემსახურება ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობას.

2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა ფედერაციის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე, განიხილეს საქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით​.

მსგავსი თემები