პროკურატურამ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც 4 პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა.

„სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარიდან, მალევე ამოიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი. მოგვიანებით მოხდა გარდაცვლილი 2 პირის ამოყვანა, ხოლო მესამე პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები