„დონორების მხრიდან ფულის ხარჯვის შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფონზე, ერთადერთ გზად დარჩა ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია. 2023 წლის გაზაფხულიდან პარლამენტმა დაიწყო საკანონმდებლო პროცესი, რომლის მიზანიც ქართული პოლიტიკის ჩრდილოვანი დაფინანსების გასაჯაროებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ კანონმა“ და მისმა შემდგომმა მოვლენებმა „ლაკმუსის ქაღალდის“ როლი შეასრულა.
„არ შეიძლება, რომელიმე სახელმწიფო მილიონობით დოლარის ხარჯვით გავლენას ახდენდეს უცხო საზოგადოების ცხოვრებაზე და უმალავდეს ამ საზოგადოებას, თუ რას და რისთვის ხარჯავს. სხვა სახელმწიფოს მიმართ ამგვარი მეურვეობითი დამოკიდებულება, „მესამე სამყაროს“ და „ბანანის რესპუბლიკის“ კატეგორიებით აზროვნება მე-20 საუკუნეს ჩაბარდა. „გამჭვირვალობის შესახებ კანონმა“ და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა „ლაკმუსის ქაღალდის“ როლი შეასრულა. 2023 წელს რევოლუციური მოძრაობის ესტაფეტა პირდაპირ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დონორებმა ჩაიბარეს და წინა პლანზე გადმოინაცვლეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 2024 წელს, საარჩევნო კამპანია „უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე“ მიმდინარეობდა.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მსხვილი თუ წვრილი „ენჯეოები“, აქტივისტი მედიამუშაკები, დესტრუქციული, პარტიული მედიაარხები, ტრეინინგგავლილი მზა დემონსტრანტები, უცხოელი დონორები და დიპლომატები, ყველა ერთად წარმოდგნენ რეფერენდუმად მონათლულ არჩევნებზე, მიმავალი და ყავლგასული პრეზიდენტით სათავეში. ცალ ფეხზე დგომის, უცხო ინტერესების შესატყვისი, ევროპერსპექტივის ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი დაუპირისპირდა ნამდვილ, ქართულ, ეროვნულ ინტერესებზე აგებულ მშვიდობისა და კეთილდღეობის დღის წესრიგს, რომელსაც „ქართული ოცნება“ განასახიერებს. საბედნიეროდ, ისტორიის გაკვეთილებსა და ღრმა ცივილიზაციური მეხსიერების მქონე ქართველმა ერმა, ამომრჩეველთა სრულმა უმრავლესობამ ზუსტად დაინახა, თუ სად იყო ჭეშმარიტება, სიმართლე და ქვეყნის ნამდვილი ინტერესი. დაინახა და სწორი არჩევანიც გააკეთა. ძალა ერთობაშია, სიკეთე ამთლიანებს, ბოროტი კი ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო, ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი კანვასური თუ იუესაიდური პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს, ხოლო ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი. მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.