“გასულ წელთან შედარებით, გზების რეაბილიტაცია ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებს პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო უწოდა და აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით გზების განვითარებისთვის ბიუჯეტი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
„წელს ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში ჩავატარეთ იმ მოცულობის სამუშაოები, რაც შარშან მთელი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული, ანუ მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან კარგი და სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ეს ტემპი ადასტურებს, რომ 2022 წლის ჩათვლით დავასრულებთ ყველა მნიშვნელოვანი მასშტაბის მქონე ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოში. ამასთან ერთად, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სხვა გზების რეაბილიტაციაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება და მეტად დაჩქარდება ტემპებიც.
„ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია ჩვენს ყველაზე მტკივნეულ გამოწვევასთან, რომ დავძლიოთ სიღარიბე საქართველოში. დღეს არსებული სურათი ძალიან კარგი და იმედისმომცემია. ბუნებრივია, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გვექნება კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.