14 აგვისტოდან ლაგოდეხის ნაკრძალში მასშტაბური პროექტი – ,,Wood Games“ (ტყის თამაშები) 2019-ის მესამე სეზონი იწყება. პროექტის იდეა ლაგოდეხელ ახალგაზრდებს ეკუთვნით, რომელსაც ორგანიზებას
დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, თავადვე უწევენ.
,,ტყის თამაშების“ ეს ფორმატი სხვა მსგავსი ფორმატის თამაშებისგან განსხვავებულია. ორგანიზატორების შეფასებით, ,,Wood Games“-ის იდეა გულისხმობს ახალგაზრდების შეჯიბრს როგორც ინტელექტუალურ, ასევე ფიზიკურ აქტივობებში, რომელიც ტყის სიღრმეში გაიმართება. მათივე თქმით, ადგილობრივ ახალგაზრდებს წინ საინტერესო და აქტიური კვირა ელით.
ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, პროექტს რამდენიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ,,Wood Games“ ხელს შეუწყობს, ლაგოდეხელი და ყვარლელი ახალგაზრდების დამეგობრებას, მათში სტრატეგიული, გუნდური უნარების გამომუშავებას, ხოლო მეორე მხრივ, ეს აქტივობა კიდევ უფრო გაზრდის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას.
,,Wood Games“ 2019 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წელს უკვე მესამედ ტარდება. გასულ წლებში აღნიშნული თამაში მხოლოდ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებდა, წელს კი თამაშში ლაგოდეხსა და ყვარელში მცხოვრები 50-ზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული.
მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, პროექტში აქტიურადაა ჩართული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბიზნეს საზოგადოება.