წლის ბოლომდე კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაიწყება

  •  

“რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი, ეს არის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე.

“პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო – ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა, მასში ძალიან ბევრი ინვესტიცია გვექნება განსახორციელებელი, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებთ უმოკლეს ვადაში. დღეს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, ზაფხულის პერიოდია და უწევთ გადაადგილება აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში, ყველას შეუძლია, თავისუფლად დაინახოს, როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები