“რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას, მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, გარდა თავად რუსეთისა”, – ამის შესახებ ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.
ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთს სურს, განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამის მიზანი კი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის გამართლებაა.
„ფაქტებით ცხადია, რუსეთი საქართველოზე უდიდეს ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის, დაახლოებით, ორი წელი
სამხედრო ზეწოლასაც. ამაში შედის საქართველოს დრონის ჩამოგდება, რადარების დაბომბვა, დღეს ოკუპირებულ და მაშინ გაეროს მიერ დაცულ კონფლიქტურ ზონებში სამხედრო პერსონალის გაზრდა, ჯარების შემადგენლობის შეცვლა, საინჟინრო ბატალიონების გადაყვანა. ყველაფერი ეს მიუთითებდა იმაზე, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და საქართველოზე ზეწოლას ახორციელებდა“, – განაცხადა ვოლკერმა.
მისი განმარტებით, შემდეგ იყო სამხედრო წვრთნები, რომლის დროსაც რუსეთი საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანას აპირებდა.
„საქართველომ ამაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა, ამ ყველაფრის მანამდე შესაჩერებლად, ვიდრე ვითარება გაუარესდებოდა. შეიძლება, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველომ იმ კონკრეტულ დღეს პირველი ტყვია გაისროლა, მაგრამ ეს მთლიანად სცდება კონტექსტს, რომელიც იმაზე მიანიშნებს, თუ რა ხდებოდა ამ კონფლიქტში.
რუსეთს სურს, განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მათი გადმოსახედიდან, ეს ამართლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას. მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, გარდა თავად რუსეთისა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ნარატივის შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენ, ვიყავით თუ არა იქ, ვიცნობდით თუ არა საკითხებს მაშინ, თუ მათ შესახებ ახლა ვსწავლობთ, მნიშვნელოვანია, ჩუმად არ ვიყოთ და რუსეთის ეს შეხედულება კამათის გარეშე არ გავატაროთ“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.