კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში აქციის მონაწილეების პროტესტს, სარეაბილიტაციო ძეგლების უყურადღებობასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება და უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფოს მიერ სვანეთის არქიტექტურული ნაგებობების მოვლა-პატრონობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად დეკლარირებისა და არაერთი კომპლექსური სარეაბილიტაციო პროგრამის ამოქმედების პირობებში, ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილება ალოგიკურ ფორმას იღებს და ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება.
„მიუხედავად იმისა, რომ სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის გეგმის ფარგლებში, სააგენტომ განვლილ წლებში მესტიის რამდენიმე ათეულ სოფელში 80-მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა აღადგინა, მიმდინარე წლიდან სარეაბილიტაციო პროცესი გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს და წლის ბოლომდე სათემო სოფლების 10 საგვარეულო მაჩუბის, რვა კოშკის, ორი არქიტექტურული კომპლექსისა და იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარისა და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად განახლდება. ნაგებობების დაზიანებული ფრაგმენტები დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება. მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და ფარული რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გამაგრდება. შეიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები და ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარება. გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხე-კოშკების კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საძირკვლები. აღდგება მაჩუბებისა და კოშკების სართულშუა ხის კონსტრუქციები.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელსვე დაიწყება მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსების გზით განსახორციელებელი კომპლექსური პროგრამა, რაც უშგულის ორი უბნის – ჟვიბიანისა და ჩვიბიანის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციას ითვალისწინებს. რესტავრაცია მოიცავს სოფლების კოშკებს, მაჩუბებსა და საცხოვრებელ სახლებს. გაგრძელდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროგრამაც, რომელსაც სააგენტო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს.
ამავდროულად გაგრძელდება სოფელ ჩვიბიანში 2018 წელს ჩარკვიანების ჩამოშლილი საგვარეულო კოშკის აღდგენის პროცესი, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. 2019 წელს გათვალისწინებული ფიზიკური სამუშაოები კოშკის ორი სართულის რესტავრაციას გულისხმობს. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მისი დარჩენილი არქიტექტურული წყობა 2020 წელს აღდგება. ანალოგიურად, სააგენტო უზრუნველყოფს სოფელ მურყმელში ორი კვირის წინ ჩამოშლილი კოშკის გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოებსაც.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, წელსვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2020 წლისთვის უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად ორი ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ. კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციას ითვალისწინებს.
არსებული მონაცემებით, სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150–მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც სვანურმა კოშკებმა თავისი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელ-ნელა ნგრევა და რაოდენობრივი კლება. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი სახლი-მაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და მათი იერსახეც მნიშვნელოვნად შეცვალა. ზემო სვანეთში რამდენიმე ასეული კოშკი აღირიცხება, რომელთა უმეტესობა აღდგენილია და დანგრევა არ ემუქრება“, – აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
ცნობისთვის, დღეს სვანური კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით, უშგულში საპროტესტო აქცია გამართეს.