საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში საზეიმო მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსვლელობამდე ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება.

„როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.

ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები