EU უკრაინას 1.9 მილიარდ ევროს გამოუყოფს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის 1.9 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

შმიგალი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და Telegram-ზე წერს, რომ უკრაინისთვის იარაღის შეძენა, „ევროპის მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით, რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით მოხდება.

„ამ თანხიდან ერთი მილიარდი ევრო მიმართული იქნება იარაღის შეძენაზე ე.წ. დანიური მოდელის მიხედვით – პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან;

კიდევ 600 მილიონი ევრო გამოიყოფა არტილერიისა და საბრძოლო მასალისთვის;

200 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად“, – წერს შმიგალი და პარტნიორებს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

შეგახსენებთ, დღეს, 9 მაისს უკრაინის ქალაქ ლვოვში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.

მსგავსი თემები