„პირადი მოწვევა არ გაგვიგზავნია არც ახლანდელი და არც ყოფილი მთავრობისთვის“ – ჰერჩინსკი ევროპის დღის ღონისძიებაზე

„საქართველო არ ესწრება უფრო და უფრო მეტ ღონისძიებას, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც EU-ის საელჩოს ინიციატივით, ევროპის დღე აღინიშნება.

კითხვას, მიიწვიეს თუ არა ევროპის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სხვა პოლიტიკოსები, ელჩმა უპასუხა, რომ ეს „ღია ღონისძიებაა“.

„ეს არის ღია ღონისძიება. ჩვენ მოვიწიეთ ყველა. შესაძლოა, ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ ქსელში ჩვენი პოსტერები. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი მოვა, რათა აღნიშნოს ევროპის დღე ჩვენთან ერთად, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. მართალი ხართ, პირადი მოწვევა არ გაგვიგზავნია არც ახლანდელი და არც ყოფილი მთავრობისთვის. ვწუხვარ, მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა, საქართველო არ ესწრება უფრო და უფრო მეტ ღონისძიებას, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას. ეს არის იმ ქმედებების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო ერთი წელია, ახორციელებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის დღევანდელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის რეალობა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

მსგავსი თემები