„თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, „ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია“.
„2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული კარი გაუღო და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია…
ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას. ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია. თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.