2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ადგილზე ჩასულები იყვნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ასევე სხვა უწყების წარმომადგენელბიდა და ცხელი ხაზი იყო ამუშავებული.
„სამწუხაროდ, ოკუპანტი განაგრძობს ე.წ ბორდერიზაციის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და ინფორმირებულია ყველა. ვგეგმავ საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლას. იქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ეს არის დეზინფორმაცია, რომ სამთავრობო უწყების წარმომადგენლები იქ ადგილზე არ იყვნენ. ისინი 24 საათის განმავლობაში იყვნენ იქ და უწევდნენ ამ სიტუაციას მონიტორინგსა და ჰქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ყველას. საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაწყებული შერიგების სამინისტროს უწყების თანამშრომლებით დამთავრებული. ეს არის ობიექტური რეალობა და ძალიან გთხოვთ, როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებთ, გადაამოწმოთ და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა.