საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები გუგუტიანთკარელები ხელისუფლებისგან კვლავ დახმარებას ითხოვენ. მიზეზი სოფელთან ახლოს რუსი სამხედროების ყოფნაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი მავთულხლართების გავლება რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ შეაჩერეს, თუმცა სამხედროები სოფლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში რჩებიან.
„აგერ იქით მოჰყვა ჩემი ქმარი და შვილი და საფლავზე ვერ მივდივარ. სანთელი ვერ ამინთია. საზღვარს ავლებენ, 100 მეტრით გადმოიწიესო“, – აცხადებს ცირა თუხარელი.
აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში აბრები დაამონტაჯეს და ხელოვნური ბარიერები აღმართეს.
სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო.