“ნიკა გვარამიასთვის გირაოს ოდენობა, მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, 80 000 ლარი იქნება”, -ამის შესახებ პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ასევე მოითხოვს ნიკა გვარამიასთვის ქვეყნის ტერიტორიის დატოვების აკრძალვას გამოძიების ინფორმირების გარეშე.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს ხელთ აქვს მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ნიკა გვარამიამ სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, რამაც კომპანიას დიდი ზიანი მიაყენა.
„მთავარი მტკიცებულებები გახლავთ ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც გახლავთ საქმეში, არსებობს რემისიის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები. მთლიანობაში აღნიშნული დოკუმენტები და მტკიცებულებები იძლევა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველს, რომ ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი არის დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, პროკურორმა თქვა, რომ ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებასა და შემდეგ ბრალდებულის ქცევას დაელოდებიან.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.