“ძიუდოისტების მოთხოვნას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გულშემატკივრობს” – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური ქართულ ძიუდოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძიუდოისტების მოთხოვნას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გულშემატკივრობს.დეპუტატი გუშინ, ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება და დავით ქევხიშვილს შოთა ხაბარელის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებისთვის აკრიტიკებს.

„ბოლო ჩემპიონატი ნამდვილი სენსაცია იყო ქართული ძიუდოს ისტორიაში. როდესაც ასეთი კრახით ბრუნდება გუნდი, მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ რომ ფედერაციის პრეზიდენტს ეკისრება. ერთია, რას ითხოვენ თავად ძიუდოისტები და მეორეა, რას ვითხოვთ ჩვენ, გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის დიდი სიხარულით ვზეიმობდით ქართველი ბიჭების გამარჯვებას. მნიშვნელობა არა აქვს იმ დეტალებს, თუ რომელმა მწვრთნელმა რა შეცდომა დაუშვა. თუ მწვრთნელები არ იყვნენ შესაბამისად შერჩეულნი, ესეც ხელმძღვანელის უდიდესი შეცდომაა.

რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, როდესაც ძიუდოს ფედრაციის აღმასკომის სხდომაზე დავით ქევხიშვილი კარს უღებს შოთა ხაბარელს და დარბაზის დატოვებისკენ მიუთითებს, სხვა არაფერი იყო, თუ არა უპატივცემულობა იმ პირის მიმართ, რომელიც საქართველოს სახეა მსოფლიოს მასშტაბით.შოთა ხაბარელსძიუდოს სფეროში ჭკუას სხვა ქვეყნის ფედერაციები ეკითხებიან. საკუთარ სამშობლოში, საკუთარი ფედრაციის პრეზიდენტი კი ასეთ ქმედებას მიმართავს. თავი რომ დავანებოთ მის დამსახურებულ მწვრთნელობას, ბატონი შოთა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრი და ერთ-ერთი თანამდებობის პირია. რასაც გუშინ თითოეული ჩვენგანი ამ კადრების ყურებისას განვიცდიდით, სიბრაზესაც კი ვერ ვუწოდებთ“, – განცხადა მირიან წიკლაურმა.

 

მსგავსი თემები