თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 ადამიანი – ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი და თორნიკე გოშაძე პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები ისევ არსებობდა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდების პოზიციას არ დაეთანხმნენ. ბრალდებულების უფლებამდაცველები შუამდგომლობდნენ დაკავებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და 8-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.