“წავალ პოლიტიკაშიც, საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან განაცხადა.
გვარამიას განცხადებით, იმის გამო, რომ ტელევიზიის თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდიდნენ, მან მიიტანა ფული “რუსთავი 2”-ში. მისი თქმით, ამის სანაცვლოდ მას ბინა მისცეს.
„მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები იმისთვის, რომ მეყიდა ახალი. მთელმა „რუსთავი 2“-მა იცის, რომ ჩემი მიტანილი ფულით დარიგდა ხელფასები. ამის სანაცვლოდ დამიბრუნეს ბინით და ამის ყველა საბუთი არსებობს. სესხის ხელშეკრულებაც, ფულის შეტანის ჩეკიც, ვალის დაბრუნების საბუთიც ბინების სახით. თქვენ, ნაბიჭვრებო, გაქვთ ეს საბუთები. როგორ ბედავთ ჩემთვის რამის მოპარვის დაბრალებას. კორუფცია და ქურდობა არის ჩემი წითელი ხაზი, არ გაპატიებთ, არც იმას, ვინც ეს დებილობა წაიკითხა პირდაპირ ეთერში. თუ ეს ბრალი უნდა წაგეყენებინათ, ოთხი საათი რომ მკითხავთ, რატომ ერთი შეკითხვა არ დამისვით ამ ბინებზე?“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ საქართველოში არის რუსული ტიპის დიქტატურა.
„მე არ ვაპირებ შემოვიფარგლო მხოლოდ ტელევიზიით. მაინც გავაკეთებ საუკეთესოს. მაგრამ მე მონაწილეობას მივიღებ ყველა პლატფორმაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს. ეს არ არის ჩემი არჩევანი. ეს ბიძინა ივანიშვილის არჩევანია, დღეს პროკურატურის განცხადებით შემომითვალა, რომ მე ვარ მისი მთავარი მოწინააღმდეგე აქ, ამ მიწაზე და მე ვიღებ ამ გამოწვევას. მე წავალ პოლიტიკაშიც, წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს. მოვუწოდებ ყველას, დროა გაერთიანების. საქართველოში არის დიქტატურა, ხდება ზუსტად ის, რაც ხდება რუსეთში. უზურპატორი უნდა წავიდეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან.
პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას გულისხმობს ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.