“მას ბრალი ისევ თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირეს და 4 წელი დაუმატეს“ – კლინიკა “ლანცეტის” დამფუძნებლის საქმე

„ფარმან ჯეირანლი 20 აგვისტოს უნდა გამოსულიყო ციხიდან, მაგრამ მას ბრალი ისევ თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირეს და კიდევ 4 წელი დაუმატეს“, – ეს განცხადება პატიმრობაში მყოფი, კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო. ნიკოლაიშვილის თქმით, ფარმან ჯეირანლის მიმართ მიმდინარეობს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დევნა.

„1 აგვისტოს, უზენაეს სასამართლოში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილეს კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის საქმე და გადმოგვცეს ქაღალდი, სადაც წერია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, ბრალის თაღლითობაზე გადაკვალიფიცირების შესახებ და მას ისევ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. იმის ნაცვლად, რომ იგი 2019 წლის 20 აგვისტოს გაეთავისუფლებინათ და დაემთავრებინა თავისი სასჯელის ვადა, გულგრილობის ბრალდებით, მას კიდევ დაემატა 4 წელი. ამ გადაწყვეტილებით ნათელი გახადა, რომ ამ ადამიანის მიმართ მიმდინარეობს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მტავარში“.

კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის ადვოკატი, არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანული და ქართული მხარე, შესაძლოა, შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა და აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მოქმედებენ შეთანხმებულად, ამ ადამიანის გასანადგურებლად. მას ვადამდე გათავისუფლება ეკუთვნოდა და ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ; ათ დღეში 3 დარღვევა გაუფორმეს და მე-16 დაწესებულებიდან ისევ მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„ეს მოქმედება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, სამარცხვინოა. ერთადერთი გზა დაგვრჩა, რომ სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივროთ“, – დასძინა ადვოკატმა.

ცნობისთვის, „ლანცეტის“ დამფუძნებელი 2017 წელს თაღლითობის მუხლით დააკავეს. სააპელაციო სასამართლომ კი ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობით შეუცვალა. შესაბამისად, მისი სასჯელი 6-დან 2 წლამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საპატიმრო 20 აგვისტოს უნდა დაეტოვებინა.

მსგავსი თემები