“სამწუხაროა, რომ საქართველომ და დასავლეთმა ვერ შეძლეს გაკვეთილის მიღება 2008 წლის მოვლენებიდან” – რუსეთის საგარეო უწყება

2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა.

დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს ახსოვს 11 წლის წინ, 7-დან 8 აგვისტოს ღამით მომხდარი ტრაგიკული მოვლენები, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებები უხეშად დაარღვია და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაცია დაიწყო.

„ეს აშკარა ფაქტი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა კავკასიაში კონფლიქტების მიზეზებთან დაკავშირებით წარმოებული საერთაშორისო კომისიის გამოძიების ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით შეიქმნა. მას შვეიცარიის წარმომადგენელი, ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა და 2009 წელს გამოქვეყნდა.

სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამ და აფხაზეთის მიმართ ანალოგიური ქმედებების მომზადებამ, რომელიც ამ ხალხის მიმართ თბილისის მრავალწლიანი ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაცია გახდა, აფხაზებსა და ოსებს სხვა არჩევანი არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ საკუთარი უსაფრთხოება და თვითგამორკვევის გზით არსებობის უფლება უზრუნველეყოთ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა, ამ დროს კი, მოსკოვმა სხვადასხვა საერთაშორისო ფუნდამენტური დოკუმენტებით იხელმძღვანელა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჩამოყალიბდნენ, როგორც სუვერენული სახელმწიფოები, რადგან ორივე რესპუბლიკა სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო ყველა ატრიბუტს ფლობს. მათ შორის არის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სისტემები, რომლებიც ეფექტიანად მუშაობს.

რუსეთის ფედერაცია აქტიურად ურთიერთქმედებს ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან  და უწევს მათ მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის, საინვესტიციო პროგრამების საშუალებით.

სამწუხაროა, რომ ვერც საქართველოში, ვერც დასავლეთში ვერ შეძლეს 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან გაკვეთილის მიღება. წარსული ტვირთის დაძლევასა და საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისთვის ურთიერთქმედებაზე მიმართული ძალისხმევის ნაცვლად, ოფიციალური თბილისი და მისი აქტიურად მხარდამჭერი დასავლური დედაქალაქები აგრძელებენ ანტირუსული ისტერიის ესკალაციას, დაკავებული არიან რეგიონის შეიარაღებითა და ნატო-ში საქართველოს ჩართვით. ეს ყველაფერი გზაა ჩიხისკენ, რომელიც ვერანაირად ვერ დააახლოებს რეგიონს მშვიდობასთან, სტაბილურობასთან და უსაფრთხოებასთან.

თავის მხრივ, რუსეთი  არ იშურებს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიალოგის აღდგენისა და სრულფასოვანი მოლაპარაკების პროცესისკენ. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით უნდა გახდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღიარონ ამიერკავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური რეალობა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი თემები