26 აპრილს, კათოლიკურმა ეკლესიამ და სრულიად ქრისტიანულმა სამყარომ რომის 266-ე პაპი ფრანცისკე უკანასკნელ გზაზე გააცილა. პაპი ფრანცისკე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ნაცვლად, მისი ანდერძის მიხედვით, რომში მდებარე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ცერემონიას, დაახლოებით, 250 000 ადამიანი და 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია ესწრებოდა.
პაპმა თავისი დაკრძალვის ცერემონიის ნაკლებად პომპეზურად ჩატარება დაიბარა, რათა პროცესი ჩვეულებრივი ქრისტიანის დაკრძალვას დამსგავსებოდა. ანდერძის მიხედვით, მან თუთიით გაწყობილი უბრალო ხის კუბო აირჩია, საფლავზე კი, ერთადერთი წარწერის – „ფრანცისკე“ – გაკეთება ისურვა.