ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, მცხეთის მერიაში, მოქალაქეებისთვის “დრესკოდი” დააწესეს, მუნიციპალიტეტის მერია ეხმიანება. გავრცელებული ინფორმაციით, მერიამ მოქალაქეებს დაუდგინა, როგორი მაისური, შარვალი, ან ფეხსაცმელი არ უნდა ეცვათ მათ.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, “მედიაცენტრი მთავარი” მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიაში განგვიმარტეს, შენობაში დაშვების პირობები საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესაბამისადაა შემუშავებული, რაც მოქალაქეებისთვის ხელისშემშლელი პირობა არასდროს ყოფილა.
“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებს ყოველდღე, შესვენების გარეშე, 09:00 საათიდან -18:00 საათამდე ვიღებთ. საჯარო დაწესებულების გამართულად და მოქალაქეთა მიღების ორგანიზების გაუმჯობესებას, მერიის მხრიდან, მუდმივად დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც მოქალაქეები და თანამშრომლები თავს იგრძნობენ საქმიანად და კომფორტულად. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მოქალაქეთა მისაღებში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ შემდეგს: ადმინისტრაციულ შენობაში დაშვების პირობები შემუშავებულია საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად, რაც არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი პირობა, მოქალაქეები თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდნენ შენობაში, შეხვდნენ ნებისმიერ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს, განახორციელონ თავისი კონსტიტუციური უფლებები და მიიღონ საჯარო დაწესებულების სერვისები”, – განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” მცხეთის მერიაში.