„პატივი ეცით საკუთარ თავსა და სხვას. თქვენი გზით იარეთ და არა სხვების მიერ არჩეულით… სხვა დანარჩენი შემოქმედს ანდეთ“, – ამის შესახებ ნათქვამია გზავნილში, რომელიც რომის პაპმა ფრანცისკემ, გარდაცვალებამდე, რომის საავადმყოფოში დაწერა.
ფრანცისკემ გზავნილში სიცოცხლის წარმავალობას გაუსვა ხაზი და ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდა.
„საავადმყოფოს კედლებს იმაზე მეტი გულწრფელი ლოცვა მოუსმენიათ, ვიდრე რომელიმე ეკლესიისას… იმაზე მეტი გულწრფელი კოცნის მოწმენი გამხდარან, ვიდრე აეროპორტების დარბაზები…
– აქ გეი ექიმი ჰომოფობს სიცოცხლეს ჩუქნის; აქ უქონელისა და უპოვარის სიცოცხლის ხსნისთვის პრივილეგირებული ექიმი იბრძვის;
– აქ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ებრაელი რასისტს უვლის;
– აქ ერთ პალატაში მყოფ პოლიციელსა და პატიმარზე თანაბრად ზრუნავენ;
– აქ მდიდარი პაციენტი ღვიძლის ტრანსპლანტაციას ელოდება, რომელიც მას, შეიძლება, ღარიბმა დონორმა მისცეს;
საავადმყოფოს კედლებში ადამიანების მტკივნეული იარები პირს აღებს;
– აქ ღვთის განგებულებით სხვადასხვა სამყაროები ერთმანეთს ხვდება;
– აქ, ამ ბედისწერათა თანხვედრის ადგილას, ვაცნობიერებთ, რომ მარტონი არარანი ვართ. ადამიანთა ჭეშმარიტი სახე ძლიერი ტკივილის განცდისას ან შეუქცევადი დანაკარგის საფრთხის წინაშე დგომისას იჩენს თავს. აქ ადამიანები ნიღბებს იხსნიან და თავიანთი ნამდვილი, ჭეშმარიტი ბუნება სააშკარაოზე გამოაქვთ. სიცოცხლე წარმავალია, ამიტომ მას სხვებთან ჭიდილში და შუღლში ნუ გალევთ.
თქვენს სხეულს ზედმეტად ნუ გააკრიტიკებთ. გაუთავებლად ნუ იწუწუნებთ. გადასახადებზე ფიქრი ძილს ნუ დაგაკარგვინებთ.
საყვარელი ადამიანები გულში ჩაიკარით. და ნურც იმაზე იღელვებთ ზედმეტს, რომ სახლში ყველაფერი დაწკრიალებული არ გაქვთ.
ყოველმა ჩვენგანმა მატერიალური სიკეთე თავად უნდა მოიპოვოს – ამიტომ, დიდძალი მემკვიდრეობის დაგროვებას უპირველეს მიზნად ნუ აქცევთ.
თქვენ მუდმივ მოლოდინში ხართ: ხან შობას ელით, ხან მომავალ პარასკევს და ხანაც მომავალ წელს, მაშინაც კი, როცა ფული გაქვთ, როცა სიყვარული გეწვევათ და ყველაფერი ჩინებულადაა…
შეისმინეთ: სრულყოფილება არ არსებობს. ადამიანი მას ვერ მიაღწევს, რადგან აქ, დედამიწაზე, სრულყოფილებისთვის არ გავჩენილვართ. აქ მხოლოდ უნდა ვისწავლოთ. ამიტომ, ცხოვრების ეს გამოცდა ჩააბარეთ; ახლავე ჩააბარეთ.
პატივი ეცით საკუთარ თავსა და სხვას. თქვენი გზით იარეთ და არა სხვების მიერ არჩეულით. პატივისცემა ერთს ნიშნავს: აუგს ნურავისზე იტყვით, ნურავის განსჯით და ჭკუას ნუ დაარიგებთ.
გიყვარდეთ უფრო ძლიერ, მეტი მიუტევეთ, მეტად მოეხვიეთ და მეტად იცხოვრეთ!
სხვა დანარჩენი შემოქმედს ანდეთ“, – აღნიშნულია პაპის გზავნილში.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს, სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს. პონტიფიკოსთან გამოსამშვიდობებლად, დაახლოებით, 250 ათასი ადამიანი მივიდა. პაპის დაკრძალვაზე სულ იტალიაში 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია ჩავიდა.