ათასწლოვანი ბანიანი ხეები, მრავალსაუკუნოვანი ბანიანი სახლები, თულუს (თიხისგან ნაგები) შენობები, მთიდან მოჩუხჩუხე წმინდა წყლები, მცენარეები, რომლებიც საუკუნეს ითვლის და ქუდად ახურავს დასახლებას – ეს უძველესი ქალაქია, სახელად იუნშუიიაო, რომელიც ფუძიანის პროვინციის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.
ყველაზე დიდი ზომის ხის გვირგვინი დაახლოებით 1933 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და ტოტები 30 მეტრზე მეტი სიგრძისაა. შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს “ანტიკვარიატში “მოგზაურობ, ყველაფერი უნიკალურია და ხელის შეხება არ შეიძლება.
სიტყვასიტყვით, იუნშუიიაო “ღრუბლებისა და წყლების სიმღერას” ნიშნავს და ეს აღწერა მართლაც რომ ამართლებს რეალობას.
ამ სასწაულის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია, ფოტოები კი მეტნაკლებად ასახავს ამ საოცარ ნაზავს.
ფუძიანის პროვინციაში ათასობით წლის ბანიანი ხეების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია. ეს დიდი ისტორიაა და თითოეული, საუკუნოვანი ხის შენობა ზღაპარში გამოგზაურებს.
მიუყვები ხეების ქვეშ მოკირწყლულ ბილიკებს, რომელსაც შეჰყავხარ უძველესი სოფლის სახლების შუაგულში, თან ისეთი შეგრძნებით, თითქოს ამ ისტორიის ნაწილი ხარ. ყველაფერთან ერთად, აქ დიდებული კულტურის, ისტორიისა და სიძველის სუნიც კი იგრძნობა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სწორედ მდინარის უხვ წყალს, რომელიც აქ მიედინება მოაქვს სიცოცხლისუნარიანობა და აქაურობას რითმში აწყობს.
ბანიანი ხის ქვეშ დიდი და პაწაწინა კენჭებით მოკირწყლული ათასი წლის გზა მიდის. ამ გზას
მას “იუნშუიაოს უძველეს გზას” უწოდებენ. უძველესი გზის გვერდით არის ორსართულიანი, ძველი აგურისა და ხის ნაგებობების სახლების რიგი, რომელიც არის იუნშუიაოს უძველესი ქალაქის ძველი ბაზარი ასობით წლის ისტორიით.