აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდნილი და დაღუპული გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე ვარაუდობს, რომ მისი მეუღლე მძიმედ იყო დაჭრილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ტყვედ არ ჩავარდებოდა.
„ალბათ, ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა. ვიცოდით, რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით, მაგრამ მერე, 20 იანვარს მოგვივიდა პასუხი, რომ დაიღუპა. დასკვნაც მოგვივიდა თავდაცვის სამინისტროდან, რომ დაღუპულია. ტყვეობის ამბებს ახლა სამხედრო პოლიცია იძიებს. დეენემზე ეჭვი არ მაქვს, რადგან ყველასი დაემთხვა. თან აღწერილობაში წერია, რომ კბილები არ აქვს. გიორგის ისე სცემდნენ, რომ კბილები არ შერჩებოდა”, – განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ.
უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.