„უკრაინა მზად არის დიდი კომპრომისისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ კირილ რამაფოსასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა უნდა იყოს, რასაც „რუსეთი არ ეთანხმება“.
„უკრაინა მზადაა, რუს სამხედრო დამნაშავეებთან მოლაპარაკებისთვის. და ეს უკვე დიდი კომპრომისია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა, როგორც არავინ მსოფლიოში, დაინტერესებულია ომის დასრულებით. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „შეძლებს რუსეთზე მეტი ზეწოლის მოხდენას, რათა საბოლოოდ ცეცხლის სრულ შეწყვეტას მიაღწიოს“.
„ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ თუ ერთ-ერთი მხარე არ დათანხმდება ცეცხლის სრულ შეწყვეტას და სხვა დამატებით ნაბიჯებს, რომლებიც მხარეებს ომის დასრულებამდე მიყვანს, იქნება ძლიერი ზეწოლა, სანქციების ჩათვლით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავე პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე საკმარის ზეწოლას ჯერ ვერ ხედავს.
„ემოციის და საყვედურის გარეშე, ჩვენ ძალიან პირდაპირ ვამბობთ: გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაციაზე მეტი ზეწოლით, ჩვენ შევძლებთ მიახლოებას ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან. ეს არის პირველი ნაბიჯი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.