„აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს იყო ტრაგედია, რომელსაც მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების, გმირი პოლიციელებისა და სამხედროების მსხვერპლი. მას შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის 20%. ამ ომმა კიდევ უფრო დაგვაშორა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების იდეას“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და ამ ყველაფერს, ყოფილი ხელისუფლების უგუნურ პოლიტიკას უკავშირებს.
ხუნდაძის შეფასებით, მიუხედავად რუსეთის ზრახვებისა, მოეხდინა ინტერვენცია საქართველოში, ეს ვერ განხორციელდებოდა, რომ არა, მაშინდელი ხელისუფლების უგუნური თუ არა, მოღალატეობრივი პოლიტიკა.
„გონიერი და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად არ რისკავს საკუთარ ხალხს და ქვეყანას და წაგებისთვის არ წირავს მას. დღეს ეს ძალა, რომელმაც პრაქტიკულად უზრუნველყო ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, თავს ანტისაოკუპაციო ძალას არქმევს და 20-21 ის ღამეს, ლამის, კიდევ ერთხელ შემოუძღვა რუსეთს საქართველოში, რათა ეკონომიკური სანქციების, ჩავარდნილი ტურისტული სეზონის, გაჭირვებისა და ქაოსის ხარჯზე,პრაქტიკულად ყველაფრის ფასად დაებრუნებინა ძალაუფლება. ამ ყველაფრის შედეგი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა გმირი მებრძოლების ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე. ისტორია მათ გმირობას არასოდეს დაივიწყებს და თაობებს მუდამ ექნებათ მათი ვალი,მანამ სანამ ქვეყნის გაერთიანების იდეა არ იზეიმებს,რისთვისაც მათ უსიტყვოდ გაიღეს საკუთარი სიცოცხლე“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.