ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ სუმის უნივერსიტეტის კონგრესცენტრზე დარტყმა იმის გამო მიიტანეს, რომ ამ შენობაში უკრაინელი სამხედროების დაჯილდოება მიმდინარეობდა. ეს განცხადება პუტინმა სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებზე უარის თქმის შესახებ შეთავაზების შეფასებისას გააკეთა.
„მაგალითად ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი შეიარაღებული ძალების დარტყმა კონგრესცენტრზე, სუმის უნივერისტეტზე. სამოქალაქო ობიექტია ეს თუ არა? სამოქალაქოა, მაგრამ იქ იმართებოდა მათი დაჯილდოება, ვინც კურსკის ოლქში დანაშაულები ჩაიდინა. ამ ადამიანებს ჩვენ მივიჩნევთ დამნაშავეებად, რომლებმაც უნდა მიიღონ დამსახურებული შურისძიება“ –განაცხადა პუტინმა.
რუსეთის არმიამ 13 აპრილს ორი დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პირველი რაკეტა, როგორც ჩანს, სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონგრესცენტრში აფეთქდა.