Reuters-ის ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გუშინ სააღდგომო მიმართვა, რომის პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა. პაპი არც სააღდგომო მესას დასწრებია.
ცნობისთვის, პაპი ფრანცისკე კათოლიკე ეკლესიას 2013 წლის 13 მარტიდან ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პაპი, უწმინდესი ბენედიქტე XVI, გადადგა და კონკლავმა ხმათა უმრავლესობით პონტიფიკოსად არგენტინის კარდინალი, ხორხე მარიო ბერგოლიო, აირჩია. კარდინალმა ბერგოლიომ თავის სახელად ისურვა წმინდა ფრანცისკე ასიზიელის სახელი, რომელიც გამოირჩეოდა უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და გაჭირვებულთადმი მზრუნველობით.
პაპი ფრანცისკე რომის 266-ე ეპისკოპოსია; ამასთანავე პირველი პაპია იეზუიტთა ორდენიდან; პირველია ამერიკის კონტინენტიდან; პირველია სამხრეთ ნახევარსფეროდან და პირველი არაევროპელი პაპია სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ(741წ).
2013წლის 13 მარტიდან კარდინალი ბერგოლიო რომის პაპი გახდა. მან უარი თქვა პაპებისთვის განკუთვნილ სასახლეში გადასვლაზე და ვატიკანის სასტუმროში ცხოვრობდა. მისი მოღვაწეობა ფართომასშტაბიანია და ეხება გლობალურ პრობლემებს.
პაპი ფრანცისკე ოცამდე წიგნის ავტორი და თანაავტორია. კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღვრობის გარდა, იგი ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის პოლიტიკური ხელმძღვანელიცაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში.