აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.
დღეიდან, აღდგომის მეორე დღეს მორწმუნეებისთვის ბრწყინვალე შვიდეული, ანუ მსგეფსი დაიწყო. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.
ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. ტრადიციის მიხედვით, მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ.
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისთვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც.
ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი.
ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება.