“საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ოსი ხალხის გენოციდი უნდა აღიაროს” – ბიბილოვი

“საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ქართული მხარე ოსი ხალხის გენოციდს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს”, – ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სიმამაცის გამოჩენა ქართველ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ.

„თუ ქართული მხარე გენოციდს არ აღიარებს, არ შეიძლება რამე სახის ურთიერთობაზე საუბარი. ამისთვის მათ უნდა მოაწერონ ხელი ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმს და აღიარონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, თუმცა ქართველ პოლიტიკოსებს ასეთი პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური სიმამაცის გამოჩენა არ შეუძლიათ. დღევანდელ საქართველოს ამერიკა მართავს. სანამ ამერიკული ჰეგემონია გაგრძელდება, სანამ არ გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით იქნებიან დაინტერესებულნი, ვერანაირი ურთიერთობა მათთან ვერ გვექნება. ერთადერთი ურთიერთობა, რომელიც სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთაშორისო დონეზე აქვს, ჟენევის დისკუსიებია“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

მსგავსი თემები