„ბოროტი ძალა მხოლოდ ადამისა და ევას შეცდენით არ დაკმაყოფილებულა; ათასგვარი ხერხით იგი დღემდე ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს კაცობრიობა და საბოლოოდ აღხოცოს მასში ღვთის ხატება“ – ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.
ილია მეორე ცოდვასა და სიკვდილზე ადამიანის გამარჯვებაზე საუბრობს:
„მაგრამ ადამიანი ცოდვამ და სიკვდილმა ბოლომდე მაინც ვერ დასცა. ყოვლადძლიერი, ცოცხალი, კურთხეული, უხილავი ღმერთის (როგორც ძველ აღთქმაში ხშირად იხსენიება შემოქმედი) რწმენა განსაკუთრებით დიდი იყო რჩეულ ერში; მძიმე და დაძაბუნებულ მდგომარეობაშიც კი, ამ წიაღში საუკუნეთა მანძილზე ჩნდებოდნენ ღვთისსათნო და რჩეული პიროვნებები, რომლებიც ზეცისკენ მიმავალ გზას უჩვენებდნენ ხალხს.
ისინი იმ იმედით იყვნენ აღვსილნი, რომ შემოქმედი არ დაუშვებდა მუდმივ დასჯილობაში ცხოვრებასა და სიკვდილს და დაგვიბრუნებდა დასაბამისეულ პატივს.
ამიტომაც, გულდასმით იძიებდნენ სამოთხისეული მდგომარეობის დაკარგვის მიზეზებს და საზოგადოებაში მარადიული ღირებულებების განმტკიცებისთვის ძალისხმევას არ იშურებდნენ; ამასთან, ღვთისსათნო ცხოვრების მაგალითს, პირველ რიგში, თვითონ იძლეოდნენ“.
საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს ილია II-ის 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე