1579 წლის აღდგომას, წმინდა ცეცხლმა გააპო სვეტი. ამ სასწაულის შესახებ იერუსალიმის საეკლესიო ჟამთააღმწერლები მოგვითხრობენ. გადმოცემის თანახმად, 1579 წლის დიდი შაბათს, თურქმა მმართველებმა აუკრძალეს მართლმადიდებელ ბერძენ პატრიარქს გასძღოლოდა ტრადიციულ ღვთისმსხურებას აღდგომის ტაძარში. თუმცა შემდეგ, სომხური ეკლესიის მღვდელმსახურები გაურიგდნენ ქალაქის მმართველობას და სულთან „მურად მართალს“ და გადაწყდა, რომ სომეხი პატრიარქი გაუძღვებოდა პასექის დღესასწაულს, რომელიც მიიღებდა მადლმოსილ ცეცხლს. სომეხ მღვდელმსახურთა მოწოდებას ერთად აღენიშნათ პასექის დღესასწაული – გამოეხმაურა უამრავი „ერთმორწმუნე“ ადამიანი ახლო აღმოსავლეთიდან და იერუსალიმიდან. 1579 წლის დიდ შაბათს მათ მოიყარეს უფლის მადლმოსილ საფლავთან.
“პატრიარქი სოფრონი IV და მართლმადიდებელი მომლოცველები საერთოდ გააძევეს ტაძრიდან. ისინი წმინდა ტაძრის შესასვლელთან, დახურული კარის წინ იდგნენ და ლოცვას აღავლენდნენ უფლის წინაშე, გულმხურვალედ ითხოვდნენ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას და ამავე დროს წუხდნენ მადლისაგან განყენების თაობაზე. მიუხედავად სომეხთა პატრიარქის ხანგრძლივი ლოცვისა, სასწაული ყოვნდებოდა, არ აღესრულებოდა, მაგრამ უეცრად ცა გაბრწყინდა სწორედ ისე, როგორც ცეცხლის გარდამოსვლის დროს ხდება ხოლმე, ტაძრის შესასვლელთან სვეტი გააპო, სწორედ იქ, სადაც იდგა მართლმადიდებელი პატრიარქი. შუაზე გაპობილი სვეტი დღესაც იხილება ნიშნად მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა.
სვეტიდან ცეცხლოვანი შხეფები იფრქვეოდა და პატრიარქის სანთელიც აინთო. მან გადასცა ერთმორწმუნე ერს ღვთის მოწყალების დადასტურება – ღვთაებრივი ცეცხლი. მთელი ისტორიის მანძილზე ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ცეცხლის გარდამოსვლა ტაძრის გარეთ მოხდა, იქ ხომ მართალი სარწმუნოების პატრიარქი ლოცულობდა, და არა მონოფიზიტი წინამძღვარი. „ყველამ გაიხარა, მართლმადიდებელი არაბები კი ხტოდნენ და ყვიროდნენ: „შენ ხარ ერთი ღმერთი ჩვენი, ერთია ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება – სარწმუნოება მართლმადიდებელი ქრისტიანებისა!“ – წერს მოლდაველი ბერი პარფენი აგეევი, რომელმაც 1845 წელს მოილოცა წმინდა მიწა.
თავდაჯერებულ სომხებზე განრისხებული თურქი მმართველები თავდაპირველად ფიქრობდნენ იერარქის სიკვდილით დასჯაზე, თუმცა მოგვიანებით შეიწყალეს იგი და დაადგინეს, რომ სომეხი მღვდელმსახური პასექის რიტუალის დროს, მართალია, უნდა მიჰყვეს მართლმადიდებელ პატრიარქს, მაგრამ ცეცხლის მიღებაში მან უშუალო მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. მას შემდეგ თითქმის 450-მა წელმა განვლო, ეს წესი კი დღესაც ძალაშია. იერუსალიმის სომეხთა პატრიარქს აღარასოდეს ჰქონია დიდ შაბათს ქრისტეს საფლავზე მარტო მსახურების უფლება.