შეიძლება თუ არა აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოზე გასვლა?

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 20 აპრილს აღინიშნება. ბოლო დროს, დამკვიდრდა ტრადიცია რომ მოსახლეობა ამ დღეს საფლავზე გადის. როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ამ ტრადიციაში ერთი შეხედვით ცუდი არაფერია, მაგრამ აუცილებელია არ დაგვავიწყდეს, რომ აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია, ამიტომ გლოვა და მწუხარება დაუშვებელია.

ქრისტიანული მრწამსით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საიქიო სამყაროში გადაინაცვლებს, რაც მასთან კიდევ შეხვედრის შესაძლებლობას გვაძლევს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მართლმადიდებლური რწმენის მიხედვით, საყოველთაო აღდგომას, მარადიულ სიცოცხლეს ეძღვნება, ამიტომაცაა აუცილებელი ამ დღეს სიხარულით შევხვდეთ და არა მგლოვარებით. ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს. ეკლესიაში აკეთებენ სააღდგომო საკურთხს, სრულდება წირვა სააღდგომო წესით ტიპიკონის შესაბამისად და პანაშვიდზე იხსენიებენ მიცვალებულებს.

მსგავსი თემები