იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და კერძო მეურნეობები, მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. წყლის ქვეშ მოექცა საქალაქთაშორისო მაგისტრალები.
ღამით, ვენეტოს რეგიონის ქალაქ ვიჩენცასთან წყლის ნაკადმა ავტომობილი წაიღო, რომელშიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, მამა-შვილი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ნაპოვნია ერთი მოქალაქის ცხედარი.
წყალდიდობის საფრთხის შესახებ გაფრთხილება ქვეყნის ას ქალაქში გამოცხადდა, დაზარალებულ რაიონებში კი განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული.