„აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების წინადადებით გამოდის“ – „ბლუმბერგი“

„შტატები უკრაინაში მშვიდობის დამყარების გეგმის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების წინადადებით გამოდის“, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც „გამოცემა აღნიშნავს“ შტატებმა მოკავშირეებს წარუდგინა წინადადება, რომელიც მიმართულია რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ. ეს პროექტი მოიცავს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და დაზავების შემთხვევაში, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას.

როგორც „ბლუმბერგს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, აშშ-ის გეგმის კონტურები პარიზში გამართული მოლაპარაკებების დროს იყო გაჟღერებული. ამ მოლაპარაკებებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ასევე საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერების მრჩევლები მონაწილეობდნენ.

„ბლუმბერგის“  ცნობით, აშშ ფაქტობრივად კონფლიქტის გაყინვის წინადადებით გამოდის. ამასთან, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მოსკოვის კონტროლქვეშ დარჩება. ამ გეგმის უფრო კონკრეტული დეტალები „ბლუმბერგის“ წყაროებს არ წარმოუდგენიათ.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების გეგმა, იმ პირობებში თუ უკრაინული ტერიტორიები კვლავ რუსეთის მიერ იქნება ოკუპირებული, აშშ-ის მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს.

 

მსგავსი თემები