საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში იქადაგა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, “უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის.
“უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე… დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ.
რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო”- აღნიშნა მიტროპოლიტმა შიომ.