“აფხაზეთს საქართველოსგან არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს” – ოკუპირებული გალის დე ფაქტო ხელმძღვანელი

“დღეს აფხაზეთს საქართველოსგან არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს”, – განაცხადა ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა მათ საინფორმაციო სივრცეში აქტიურად ებრძვის, ზემოქმედებენ მათ გონებაზე, ამის მაგალითად კი, ნადარაიას აბიტურიენტები მოჰყავს.

„საქართველოს მთავრობა ბოლო დროს უხეშ ძალას არ იყენებს, მაგრამ აქტიურ ბრძოლას აწარმოებს საინფორმაციო სივრცეში. ცდილობს ადამიანების გონებაზე ზემოქმედებას, თუნდ აბიტურიენტების მისამხრობად. გამოდის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უფრო მოქნილია. მაგრამ რეალურად, საფრთხეები, რომლებიც საქართველოსგან მომდინარეობს, არანაკლებია, ვიდრე სააკაშვილის დროს“, – განაცხადა ნადარაიამ.

ამას გარდა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ ივნისში, თბილისში მომხდარი ცნობილი მოვლენების შემდეგ, აფხაზეთმა საქართველოსთან საზღვარი ორი დღით მთლიანად ჩაკეტა, შემდეგ კი ის ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის გაიხსნა.

„აკრძალვა ძალაში რჩება მხოლოდ მამაკაცებისთვის, 18-დან 60 წლამდე, რომ მათ ნაკლებად მიიღონ მონაწილეობა ანტიაფხაზურ და ანტირუსულ მიტინგებში, საქართველოში გამართულ აქციებში“, – დასძინა გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები