ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი, მას პროცედურულად დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა.
შეგახსენებთ, 37 წლის კესარია აბრამიძე გასული წლის 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში მოკლეს. განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
26 წლის ჯაიანს სასამართლომ პატიმრობა გასული წლის 20 სექტემბერს შეუფარდა.