გივი თარგამაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოს გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.

გივი თარგამაძე კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან იქ მისვლაზე უარი განაცხადა და 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. პროკურატურამ მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით ბრალი წარუდგინა.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც ,,საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მსგავსი თემები