ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF) შედეგად, რომელიც თითქმის სრულად რობოტმა შეასრულა, პირველი ბავშვი დაიბადა. მსგავსი მეთოდით ბავშვი აქამდეც გაჩენილა, თუმცა ახალი სისტემა ადამიანის ჩართულობას ყველაზე ნაკლებად მოითხოვს. ვინაიდან მეთოდი რობოტის გამოყენებას მოიცავს, ადამიანური შეცდომების დაშვების რისკი მცირდება.
IVF-ს ერთ-ერთი მეთოდია ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია (ICSI). ეს პროცედურა ლაბორატორიულ ჭურჭელში ტარდება, რა დროსაც სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში შეჰყავთ. მეთოდი ხშირად კაცის უნაყოფობის დროს გამოიყენება, რადგან მისი მეშვეობით სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედამდე მისვლა აღარ სჭირდება. მიღებული ემბრიონები შემდეგ ქალის საშვილოსნოში გადააქვთ.
IVF-ს ჩატარება შესაძლებელია სპერმისა და კვერცხუჯრედის ერთმანეთთან შერევითაც იმ დაშვებით, რომ განაყოფიერება ბუნებრივად მოხდება. ამ მეთოდს ნაკლები სამედიცინო ჩარევა სჭირდება, თუმცა იგი ნაკლებად წარმატებულიც არის.
როგორ მუშაობს ახალი მოწყობილობა
ამ პრობლემის გადასაჭრელად ჟაკ კოენმა, ნიუ-იორკში მდებარე ბიოტექნოლოგიური კომპანიის, სახელად Conceivable Life Sciences, წარმომადგენელმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს მანქანა, რომელიც ICSI-სთვის აუცილებელ 23 ძირითად ნაბიჯს ავტომატურად ასრულებს. თითოეული მოქმედების დასაწყებად ადამიანი სპეციალურ ღილაკს აჭერს, მოქმედების მიმდინარეობას კი შემდეგ პირდაპირ რეჟიმში აკვირდება. ექიმს ამის გაკეთება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია.
ერთ-ერთი ნაბიჯის დროს მანქანა ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელს იყენებს, რათა განაყოფიერებისთვის ვიზუალურად ყველაზე ჯანსაღი სპერმატოზოიდები შეარჩიოს. მეორე ეტაპზე იგი სპერმატოზოიდის კუდს ლაზერით აზიანებს, რათა ამ უჯრედებმა ვეღარ იმოძრაოს და მათი აღება გამარტივდეს. მოწყობილობას შემდეგ სპერმატოზოიდები წინასწარ შეგროვებულ კვერცხუჯრედებში შეჰყავს.
საგულისხმოა, რომ მსგავსი მიდგომით განაყოფიერება აქამდეც შესრულებულა, რის შედეგადაც ორი ცოცხალი ბავშვი დაიბადა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ნაბიჯი მაშინ ადამიანმა შეასრულა და არა მანქანამ.