პარლამენტში ინიცირებული რეგლამენტის პროექტის მიხედვით, დეპუტატს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მონაწილეობს პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში. პარლამენტის წევრმა ბოიკოტის განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს ან ზეპირად განაცხადოს სხდომის მსვლელობისას. განცხადებაში კი უნდა მიეთითოს დღის წესრიგის საკითხი, რომლის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზეც ცხადდება ბოიკოტი.
„საპარლამენტო პრაქტიკამ აჩვენა, რომ საპარლამენტო სუბიექტები ბოიკოტის მექანიზმს ხშირად არაკეთილსინდისიერად, პლენარული სხდომის გაცდენის არასაპატიოდ ჩათვლის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ. მიუხედავად მოქმედი რეგლამენტის ნორმისა, რომ ბოიკოტი განსახილველ საკითხს ეხება, საპარლამენტო სუბიექტები აცხადებდნენ ზოგად ბოიკოტს პლენარული სხდომების კვირის, ზოგჯერ კი − მთლიანად სასესიო პერიოდის მიმართ. შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული მექანიზმის კიდევ უფრო დაზუსტება“, – ნათქვამია რეგლამენტის პროექტის განმარტებით ბარათში.
ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.