პეკინს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის პრემიერ მინისტრი სტუმრობს. პედრო სანჩესმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მხარეებმა არაერთ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის შტატების სატარიფო პოლიტიკასა და ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობაზე.
როგორც პედრო სანჩესმა სი ძინპინთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირი ეწინააღმდეგება ცალმხრივი ტარიფების დაწესებას.
„ესპანეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობების სტაბილურ განვითარებას. ევროკავშირი ღია და თავისუფალი ვაჭრობის ერთგულია, მხარს უჭერს მულტილატერალიზმს და ეწინააღმდეგება ცალმხრივი ტარიფების დაწესებას. სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან. რთული გლობალური გარემოს პირობებში, ესპანეთსა და ევროკავშირს სურთ გააძლიერონ ჩინეთთან კომუნიკაცია და კოორდინაცია საერთაშორისო სავაჭრო წესრიგის დასაცავად, ერთობლივად შეხვდნენ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და სიღარიბის დაძლევა და შეინარჩუნონ საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესები“.