ახალციხეში, სოფელ ივლიტას ღვთისმშობლის ტაძარში ინახება გასაღები, რომელიც მრევლის რწმენით, ბავშვებს ლაპარაკის დაწყებაში ეხმარება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სამხრეთ კარიბჭე“ ავრცელებს.
„ივლიტას ეკლესიის ბარძიმი, მრავალი წელი ყუთში ინახებოდა, რომელიც გასაღებით იკეტებოდა. ყუთი 1989 წლის აგვისტოში, ბარძიმთან და ტაძრის ხატებთან ერთად მოიპარეს. გასაღები კი დარჩათ, რადგან სხვაგან ინახებოდა. 74 წლის ვარ და ბავშვობიდან ვიცი გასაღების შესახებ. მამაჩემიც და დედაჩემიც მიყვებოდნენ, რომ ბარძიმის ყუთის გასაღებით იმ ბავშვებს, ვისაც სმენა ჰქონდათ, მაგრამ ვერ ლაპარაკობდნენ, პირში ავლებდნენ, რომლებიც შემდეგ ლაპარაკს სწრაფად სწავლობდნენ.
სმენა თუ აქვს ბავშვს, მოჰყავთ სამჯერ, მერე ამ გასაღებს პირში სამჯერ ვავლებ, ენის ქვეშ, იქამდე კი ნაკურთხ წყალში ვდებ. „მამაო ჩვენო“ ისეც ყველამ ყოველდღე უნდა წაიკითხოს და ბავშვებსაც ვუკითხავთ ხოლმე ამ დროს. სამჯერ მოჰყავთ ხოლმე და ჯერ უკმაყოფილო არავინ ყოფილა. ყველა ბავშვმა დაიწყო საუბარი. ამ დროს ბავშვიც მშვიდდება, როცა ლაპარაკს იწყებს”, – ამბობს ივლიტას ტაძრის მცველი, ვახტანგ ვარდიძე.