“თუ გვარამიას დააკავებენ, ქართულ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ეყოლება” – მეუფე პეტრე

“იქ, სადაც უდანაშაულო მღვდელი ორი წელია გვიზის ციხეში, მართლმსაჯულებაზე საუბარი ძნელია”, – ასე გამოეხმაურა მეუფე პეტრე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ თუ “რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს დააკავებენ, ქართულ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ეყოლება.

“როგორც აწ განსვენებული, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც “რუსთავი 2”-ზე გინდათ მსჯელობა, ჯერ მე გამიხსენეთო. მე ვიტყოდი, რომ ჯერ უნდა გავიხსენოთ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა, რომელიც სამართლიანად უნდა გამოიძიონ და შემდეგ შეიძლება მხოლოდ “რუსთავი 2”-ის საქმესთან მიმართებაში სამართლიან განვითარებას ველოდოთ.

ხელისუფლების ცვლილების დროს ერთ-ერთი წყალგამყოფი იყო ჩემთვის, მაგალითად, 9 თვის ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის გაუგებარ მდგომაროებაში გარდაცვალება და ამ საქმის არგამოძიება. იქ, სადაც უკვე ორ წელზე მეტია, საპყრობილეში უდანაშაულო მღვდელი და ამდენი პოლიტპატიმარი გვიზის, სადაც იგივე “ციანიდის” საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა, ძნელია, რაიმე მართლმსაჯულების კუთხით საიმედო მდგომარეობას ვპროგნოზირებდეთ.

ყველაფერი არის შერჩევითი სამართალი და სადაც უდანაშაულო მღვდელი ზის ციხეში, მე არაფერს არ გამოვრიცხავ. მივესალმები იმ დამოკიდებულებას, რომ ბატონი ნიკა დარჩა საქართველოში და თანამშრომლობს გამოძიებასთან. თუ ღმერთი ამას დაუშვებს, იმის ძალასაც მისცემს, რომ ღირსეულად იყოს იქ, მაგრამ ეს იქნება პლუს ერთი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს მართლმსაჯულებისთვის,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ. 

მსგავსი თემები