,,უკრაინაში რუსეთის მხარეს ჩინეთის 155 მოქალაქე ომობს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შემადგენლობაში ჩინეთის 155 მოქალაქე ომობს.

„ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ და ვფიქრობთ, რომ ჩინეთის მოქალაქეების რიცხვი დიდია. ჩვენ გვაქვს 155 საპასპორტო მონაცემი, სადაც წერია მათი ასაკი და ადგილები, სადაც ისინი მსახურობენ: 70-ე, 71-ე და 225-ე მოტომსროლელი პოლკები და ასე შემდეგ“, – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჩინელებს სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკის“ მეშვეობით იბირებენ. გადაბირების სხვა სქემებიც არსებობს. ჩინეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ კი არაფერი იცის.

,,ჩინეთის გადაბირებული მოქალაქეები მოსკოვში ჩაჰყავთ. იქ ისინი სამედიცინო შემოწმებას გადიან, ხოლო შემდეგ ერთი-ორი თვით საწვრთნელ ცენტრში სამხედრო მომზადებას გადიან. ჩინელებს აძლევენ მიგრაციულ და საბანკო ბარათებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევეს, რომლებიც რუსული ჯარის შემადგენლობაში იბრძოდნენ.

მსგავსი თემები