ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ. განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
“ევროკომისიის წინადადება მარტში შეიქმნა აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ შემოიღოს ტარიფები ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. ევროკავშირი შეერთებული შტატების ტარიფებს უსამართლოდ და დამაზიანებლად მიიჩნევს, რომლებიც ეკონომიკურ ზიანს იწვევს ორივე მხარისთვის, ისევე როგორც გლობალური ეკონომიკისთვის. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა თავისი პრიორიტეტი, იპოვოს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად გამოსავალი, რომელიც იქნება დაბალანსებული და ორმხრივად მომგებიანი” – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განმარტებით, ევროკავშირის საპასუხო ზომები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დასრულდება ევროკომისიის შიდა პროცედურები და სააღსრულებო აქტი გამოქვეყნდება. ტარიფები 15 აპრილიდან დაიწყება.