გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტმა, ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აფლატოქსინის შხამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 25% ამ ტოქსინის გავლენის ქვეშაა.
მან იმ პროდუქციის სიაც ჩამოთვალა, რომლებშიც ყველაზე მეტად შეიძლება იყოს გავრცელებული ეს შხამი.
ესენია:
- ჩირები (განსაკუთრებით ლეღვის ჩირი)
- თხილეული
- ბურღულეული
- მარცვლეული
- რძის პროდუქტები
- ცხოველის საკვები
- გამომშრალი ჩაი
მისი თქმით, საკვებ პროდუქტებში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს ორი სხვადასხვა გზით. პირველი, როცა ხელოვნურად გამოიყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს იმისთვის, რომ მოიყვანონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მეორე, შენახვის დროს ბიოლოგიურად წარმოქმნილი ობის სოკოები და მსგავსი დამაბინძურებლები, რომელთაც ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფის უნარი აქვს.
,,აფლატოქსინიც ერთ-ერთი ამ ტიპის ტოქსინია, რომელიც არასწორი შენახვის, მოყვანისა და შრობის დარღვევების დროს შეიძლება წარმოიქმნას. აფლატოქსინი ისეთი ტოქსინია, რომელიც არანაირი დუღილის დროს არ გადის პროდუქციიდან. ეს პრობლემა ახალი არაა. აფლატოქსინის საკითხი მეთხილეებს ჰქონდათ მთავარ პრობლემად, როცა ექსპორტზე გაჰქონდათ პროდუქცია და იქიდან უკან აბრუნებდნენ. ეს ფაროსანას გავრცელების პერიოდს დაემთვა, თხილის დაზიანება ხდებოდა მწერის მიერ და ვრცელდებოდა აფლატოქსინის სოკო”, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ ,,მედიაცენტრ მთავართან”.
როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთ პროდუქციის კარგად დათვალიერების დროს ჩანს, რაღაც ტიპის ობის სოკო და შესაძლოა, მომხმარებელმა ეს თავის თვალით დაინახოს. თუმცა, რძის პროდუქტში ეს არ ჩანს. თხილეულში, შესაძლოა, გემოს ცვლილებაც გამოიწვიოს.
რაც შეეხება სეზონურ პროდუქტებს, ეკოტოქსიკოლოგის თქმით, ახალ პროდუქციაში აფლატოქსინის მაგივრად გვაქვს პესტიციდების და აგროქიმიკატების არასწორი გამოყენების შედეგად ნარჩენი დოზები.