“საქართველოს საზღვარი სტამბულში, ჩემი სახლიდან იწყება” – თურქეთელი ქართველის ისტორია

​ორჰამ ბერიძემ ქართული ენა 45 წლის ასაკში ისწავლა და წინაპრების გვარი დაიბრუნა

ესაუბრა ეკა გულუა

„საქართველოს მთავრობამ საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველები ახლოს უნდა დაიყენოს. ყველას უნდა ჩაეხუტოს. სიყვარული მაინც უფასოა. ქართველობა ჩვენი ქოლგაა და ყველაფერი იმ ქოლგაში შედის… ჩვენთვის ფიზიკურ საზღვარს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს საზღვარი ყველგანაა, სადაც მსოფლიოში ერთი ქართველი მაინც ცხოვრობს“, – ორჰან ბერიძე.   

მედიაცენტრ „მთავარის“ რუბრიკა დიასპორა ამჯერად თურქეთელ ქართველს გაგაცნობთ, რომელმაც ქართული ენა 45 წლის ასაკში ისწავლა და სულ ახლახან, სასამართლო წესით მშობლიური გვარიც დაიბრუნა.   

ორჰან ბერიძე თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს. მუშაობდა სტამბულის მერიაში, იყო საკრებულოს წევრი და თავმჯდომარე. 2017 წელს სეზენ გონენჩ ოქჩანთან (სალობე ბარამიძე) და სხვა თანამოაზრეებთან ერთად „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი“ დააფუძნა და საქართველო-თურქეთის კიდევ უფრო დაახლოებასა და კულტურულ-მეცნიერული ურთიერთობების გაღრმავებაზე აქტიურად მუშაობს.   

„თურქეთში ჩემი გვარის მეოთხე თაობა ვარ. დედა თურქი იყო, მამა – ქართველი. რადგან დედა ქართველი არ მყავდა, სახლში ქართულად არავინ საუბრობდა და ენა არ ვიცოდი. 2006 წლამდე თურქეთში მოქმედი კანონმდებლობით, სხვა ეროვნების ადამიანებს ასოციაციების დაფუძნება ეკრძალებოდათ. 2006 წელს, თურქეთის პარლამენტმა კანონმდებლობა შეცვალა და უცხოელების მიერ ასოციაციების დაფუძნება დაუშვა. სწორედ ამის შემდეგ, ქართველებმა „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია“ დააფუძნეს, სადაც მეც გავწევრიანდი. სწორედ ამ ცენტრის საკვირაო სკოლაში, 45 წლის ასაკში ვისწავლე ქართული. დღეს კი, 45 წლის ასაკში, „ვეფხისტყაოსანს“ თავისუფლად ვკითხულობ“, – განაცხადა “მთავართან” საუბრისას ორჰან ბერიძემ.


მანამდე არაფერი სმენოდა „ვეფხისტაყოსნის“ შესახებ. შოთა რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ პირველად საკვირაო სკოლაში გაიგო. ნელ-ნელა დაიწყო სწავლა. ჯერ ავთანდილის ანდერძი ისწავლა თავიდან ბოლომდე, მერე მისი ლოცვა და თანდათანობით მთელი წიგნი აითვისა. ქართული ენის ცოდნას, ორჰამ ბერიძე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მიაჩნია, რომ ენის სწავლასთან ერთად ისტორიულ სამშობლოსაც დაუახლოვდა.

” წარმოიდგინეთ, 45 წლამდე საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. დღეს კი, “ვეფხისტყაოსანს” ვკითხულობ. თუ ადამიანს ენა ეცოდინება, დანარჩენი ყველაფერი მერე მოვა. თუ ენა არ იცის, ვერაფერს გაიგებს“, – ამბობს თურქეთელი ქართველი. ის სულ რამდენიმე თვეა, რაც გვარად ბერიძე გახდა. მანამდე თურქულ გვარს ატარებდა. შინაგანად ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა. გადაწყვიტა, ის, რის მოგვარებაც შესაძლებელი ეყო ყველა ნორმების დაცვით მოეგვარებინა და მიზანს მიაღწია კიდეც – ისე ქართველობს, რომ ბევრი, ქართული გვარით დაბადებული ვერ დაიკვეხნის:

„10 თვის წინ სასამართლოში წავედი და ჩემი გვარის დასაბრუნებლად ყველაფერი გავაკეთე. ჩემი გვარი ბერიძე დავიბრუნე და ორჰან ბერიძე გავხდი. მანამდე კი თურქული გვარი მქონდა. 1 წელიც არ არის, რაც თურქულ პასპორტში გვარად ბერიძე მიწერია“.

ქართული დიასპორის წარმომადგენელი ხშირად ქართულ, ტრადიციულ სამოსს ატარებს. ჩვენი შეხვედრის დროსაც ჩოხა ეცვა. გვითხრა, რომ ეს ჩოხა აჭარაში აჩუქეს და მის გარდერობში საპატიო და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს: „მე ქართველი ვარ და ჩოხა, გერბი და დროშა ჩემია – უნდა ჩავიცვა ჩოხა და დავიცვა ყველაფერი ქართული“.   

უფრო მეტიც, გვარის დაბრუნებასთან ერთად ქართულ სახელებზე იფიქრა და შვილების სახელებში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, ერთ ქალიშვილს თამარა-ბუშრა დაარქვა მეორეს კი თამარა-ქუბრა.

 

ორჰამ ბერიძე ოჯახთან ერთად

„ჩემი სოფელი ქედაში ყოფილა. ჩემი წინაპრები რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ წასულან საქართველოდან. მამა ხშირად გვიყვებოდა საქართველოზე, თავის ნათესავებზე. ხშირად უსმენდა რადიოს. რუსულად საუბარს თუ გაიგონებდა, გვაჩუმებდა, – ჩუმად იყავით, იქნებ ქართული სიტყვებიც გავიგონოო. ბავშვობაში ვიცოდით, რომ თურქეთის იქით რუსეთი იყო, სადაც მხოლოდ რუსები ცხოვრობდნენ და მსოფლიოში რაც კი ცუდი იყო, ყველაფერი იქ ხდებაო. როცა საზღვრები გაიხსნა, ყველაფერი სულ სხვანაირად აღმოჩნდა. როცა ქართულის შესასწავლად, ცენტრში პირველად მოვხვდი, ქართველ მასწავლებელს და საქართველოდან ჩამოსულებს სახის ნაკვთებზე ვაკვირდებოდი – ნიკაპზე, ცხვირზე და ვიძახდით ერთნაირები ვყოფილვართ-მეთქი“, – გვიყვება ორჰან ბერიძე. 

​მის ამჟამინდელ საქმიანობას რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც შოთა რუსთაველის შემოქმედების შესახებ გაიგო, სურვილი გაუჩნდა, ისეთი რამ გაეკეთებინა, რაც ამ ბუმბერაზ ადამიანის სახელთან იქნებოდა დაკავშირებული. ასე გაჩნდა „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის“ დაფუძნების იდეა.

„თურქეთში არა ერთი საზოგადოება და ასოციაცია არსებობს, სადაც სწავლობენ ქართულ ენას, არის საკვირაო კურსები, ცეკვის ჯგუფები, თუმცა, მე ცოტა განსხვავებული რამ მინდოდა შემექმნა. უფრო აკადემიური მიმართულება ავიღე. ქართული კულტურა მხოლოდ სიმღერა და ცეკვა არ არის. შოთა რუსთაველი საქართველოა – საქართველოი კი რუსთაველი”, – ამბობს იგი.

როგორც ორჰამ ბერიძემ “მთავართან” საუბრისას განაცხადა, თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შთამომავლები და თვითონ თურქეთის მოსახლეობაც, საქართველოს კარგად არ იცნობენ. “მიზეზები ბევრია.  ჩვენ კი გვინდა, რომ ორი საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვაპირებთ, დიდი ჯგუფების გაცვლას, რომ მეტი კომუნიკაცია დამყარდეს და კავშირები განმტკიცდეს. ასევე, გვინდა მეცნიერული ურთიერთობები გავაძლიეროთ და თურქეთშიც, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა თარიღი ისევე აღინიშნებოდეს, როგორც საქართველოში“, – ამბობს ქართველი ემიგრანტის შთამომავალი. 

ორჰამ ბერიძემ ქართული შვილებსაც ასწავლა. მის ტყუპს ქალიშვილებს უჭირთ გამართული ქართულით  საუბარი, თუმცა, ვაჟი, მამის მსგავსად, “ვეფხისტყაოსანს” კითხულობს და ამით ამაყობს.     

როცა ვკითხეთ, 45 წლის ასაკში რატომ დაინტერესდა ქართულის სწავლით, ასეთი პასუხი მივიღეთ: „მე თურქეთის მოქალაქე ვარ, თურქეთელი ვარ, თურქეთი ჩემი ახლანდელი სამშობლოა და მიყვარს ჩემი სამშობლო, მაგრამ საქართველო, ჩემი მშობლიური სამშობლოა“.


დიასპორა თურქეთში

თურქეთში ქართული ფესვების მქონე დაახლოებით 7 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. აქედან დაახლოებით მილიონ ნახევარი ქართველობს და ამაყობს ქართული ფესვებით. ერთ-ერთი მტკივნეული თემა, რაზეც „მთავარის“ რესპონდენტი საუბრობს, ქართველობის დაკარგვაა.

„პრობლემა ის არის, რომ გლობალიზაციის გამო ქართველობა იკარგება. თურქეთის ტერიტორიის 2/3-ში, 30-ზე მეტ ქალაქში ქართველები ცხოვრობენ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი სამშობლო არ დავკარგოთ. საკმარისი არ არის ის კლასები, რაც თურქეთში ქართული ენის სასწავლებლად არსებობს. შარშან მხოლოდ ერთი კლასი იყო, წელს კი 2 კლასია გახსნილი. უნდა ვიზრუნოთ, რომ ქართული ენა არ დაიკარგოს. საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეგვიწყოს, რომ თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა, თუ შერეული ოჯახის შვილებმა ქართული ისწავლონ. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველები ახლოს უნდა დაიყენოს. ყველას უნდა ჩაეხუტოს. სიყვარული ხომ მაინც არის უფასო. ქართველობა ჩვენი ქოლგაა და ყველაფერი იმ ქოლგაში შედის.“

რესპოდენტი ამბობს, რომ იქ, სადაც ქართველები ცხოვრობენ, საზღვარი არ არსებობს. საზღვარზე მისი შეხედულება მარტივია: „თუ ფიზიკურ საზღვარზეა საუბარი, არის ადგილი, სადაც საზღვარია მონიშნული, მაგრამ თუ საზოგადოებრივ საზღვარზეა საუბარი, საქართველოს საზღვარი სტამბულში, ჩემი სახლიდან იწყება. ჩვენთვის ფიზიკურ საზღვარს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს საზღვარი ყველგანაა, სადაც მსოფლიოში ერთი ქართველი მაინც ცხოვრობს. ჩვენ ძლიერი დიასპორა უნდა ვიყოთ. თუ საქართველო დემოკრატიულად განვითარდება, ჩვენ ავაშენებთ საქართველოს“.   

თურქეთი ერთ-ერთი სახელმწიფოა, სადაც აფხაზური დიასპორა მასშტაბურობით გამოირჩევა. ამბობს, რომ ქართული და აფხაზური დიასპორები თურქეთში თანამშრომლობენ და ამ ურთიერთობების გაგრძელება საქართველოშიც შესაძლებელია.

ორჰან ბერიძე: „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. ჩვენ თურქეთში აფხაზურ დიასპორასთან პირადად პრობლემები არ გვაქვს, ზოგჯერ ვამბობთ კიდეც, რომ ჩვენი იქაური კავშირები საქართველოში გადმოვიტანოთ და განვავითაროთ. ეს შესაძლებელია, მაგრამ ინფორმაციაა მთავარი. ისინი ფიქრობენ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობა და ცუდი კომუნიკაცია ქმნის არსებულ პრობლემებს.“

და ბოლოს, როგორც რესპონდენტი „მთავართან“ საუბარში აცხადებს, მისი „გატეხილი ქართული“ უფრო ლამაზად ეჩვენება, ვიდრე წმინდა ქართული.     

 

მსგავსი თემები