“გვარამიამ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა, ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება” – გამომძიებელი

“ნიკა გვარამიამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, ამიტომ მივმართავთ სასამართლოს და ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება”, – ამის შესახებ გამომძიებელმა, ბექა კვიციანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამოღებულია საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაციაც.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებითა და ქონების თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინება, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან, მათ შორის, შპს „ინტერმედია“ და შპს „ინტერმედია +“ გამოძიებისთვის საინტერესო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ამოღების თაობაზე. დღეს ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულ იქნა საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია“, – განაცხადა გამომძიებელმა, ბექა კვიციანმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ დაკითხავენ.

მსგავსი თემები